ქრისტიან-დემოკრატები პატრიარქის მიმართ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებას შემაშფოთებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ყველა პოლიტიკური ძალის მოვალეობაა, მსგავს ფაქტებზე თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ხელმძღვანელობამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბრიფინგს გიორგი თარგამაძე, გიორგი ახვლედიანი, ლევან ვეფხვაძე, ნიკა ლალიაშვილი და პარტიის პრესსპიკერი ზაზა გაბუნია ესწრებოდნენ.
პრესსპიკერმა წაიკითხა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ოფიციალური განცხადება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გამოთქვამს შეშფოთებას ჩვენი საზოგადოების მცირე ჯგუფის მიერ დღეს გავრცელებული ე. წ. ღია წერილის გამო, რომლის ადრესატიც არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავარი. ე. წ. მიმართვის ტექსტის პათოსი პირდაპირ იმეორებს საბჭოური უშიშროების მიერ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას დაკითხვის ოქმების რიტორიკასა და სტილს, რაც კიდევ ერთხელ ავლენს მისი ავტორების - გულაცრუებული სემინარისტებისა და მებრძოლი სეკულარიზმის მიმდევრების _ არა ლიბერალურ, არამედ ბოლშევიკურ ბუნებას. ქრისტიან-დემოკრატები ამ წერილს ვაფასებთ ხელისუფლებაში ჩაბუდებული ანტიეკლესიური ლობისა და მასთან ასოცირებული პირების მიერ საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანიის ახალი ტალღის დაწყების მცდელობად. თავდასხმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიაზე, რომლის მიმართ საზოგადოების ნდობა მუდმივად იზრდება უწმინდესისა და უნეტარესის აღსაყდრების დღიდან, არის გამოწვევა არა მარტო ეკლესიის მრევლისთვის, არამედ მთელი სამოქალაქო საზოგადეობისთვის. მიუხედავად აღმსარებლობისა თუ პოლიტიკური გემოვნებისა. ეს პროვოკაციული კამპანია მიზნად ისახავს ერთი პიროვნებისა თუ ინსტიტუტის დისკრიმინაციას და ქვეყანაში ეჭვის, უნდობლობისა და დაპირისპირების გაღრმავებას გამოიწვევს, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება სახელმწიფოს დასუსტებას. ეს პროცესი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად უნდა შეფასდეს", - ნათქვამია ქრისტიან-დემოკრატების მიმართვაში.