დღეს სასტუმრო "თბილისი-მერიოტში" ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველო" და პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მრგვალი მაგიდა გამართეს თემაზე "თბილისის ურბანული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე თანამშრომლობა."
არასამთავრობოთა მოთხოვნით, თბილისის მერიამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამჭვირვალობა და საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა უნდა უზრუნველყოს.
შეხვედრის მომდევნო ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციები მერიას უკვე კონკრეტულ რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენენ.
"ჩვენი სურვილია, ამ შეხვედრაზე განვიხილოთ და შევაჯეროთ არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული საზოგადოების პოზიცია. კონკრეტული წინადადებებითა თუ რეკომენდაციით მივმართოთ ქალაქის მერიას", _ აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.
მიწვევის მიუხედავად, ღონისძიებაზე მერიის წარმომადგენლები არ მისულან.
ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელი თინა ბოლქვაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ არასამთავრობოთა ნაწილი თბილისის მერიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესით კმაყოფილნი არ არიან.
"ჩვენი მოთხოვნაა, ცოტა მეტი გამჭვირვალობა, ღიაობა და, შეძლებისგვარად, ჩართულობის უზრუნველყოფა. მესმის, მერიის ნებისმიერი გადაწყვეტლების მიღების პროცესში არ შეიძლება ყველა მოქალაქემ მონაწილეობა მიიღოს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ყველანი თბილისის მოქალაქეები ვართ. სამწუხაროა, რომ საზოგადოება გარკვეული პროექტის შესახებ ინფორმაციას მას შემდეგ იღებს, რაც დაწყებულია კონკრეტული სამუშაოები_ნგრევა, დემონტაჟი და ა.შ. ", _ აღნიშნა ბოლქვაძემ.
მრგვალ მაგიდასთან შეკრებილი ექსპერტების უკმაყოფილებას იწვევს, რომ ქალაქის ძველი უბანში ისტორიული შენობები დაუცველია, რადგან ეროვნული ძეგლის სტატუსი მხოლოდ ეკლესიებს უნდა შეუნარჩუნეს, რაც ისტორიული ნაგებობების დაუცველობას ზრდის.