"იაპონური პროდუქცია, რომელიც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ბაზარზე გადიოდა, შეიზღუდა. იმის გამო, რომ მისი ექსპორტი არ ხდება, ამ დეფიციტით სარგებლობენ სხვა ქვეყნები. კონკურენციის მომენტიდან გამომდინარე, ისინი ცდილობენ, იაპონიის ნიშა დაიკავონ და შეავსონ. განსაკუთრებით ამ მხრივ ჩინეთი აქტიურობს", _ ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკაზე იაპონიაში განვითარებულ მოვლენებს არსებითი ზეგავლენა არ ექნება, რადგან ჩვენი და იაპონიის ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ ინტეგრირებული არ ყოფილა.
"არის გარკვეული ტიპის ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები, თუმცა როგორც კი იქ ვითარება სტაბილური გახდება, ეს ოპერაციები აღდგება", _ აღნიშნა ნარმანიამ.
რაც შეეხება მეორეული მოხმარების ავტობომილებს, ნარმანიას თქმით, იაპონიიდან მათი ექსპორტი გაიზრდება.
"იაპონიაში ამ მოვლენების შედეგად დაზიანებული ავტომანქანები ბევრია და შეიძლება ისინი დაშლილი ნაწილების სახით შემოვიდეს საქართველოში. მით უფრო, ჩვენი ქვეყანა არც ისე პატარა ბაზარია მეორეული მოხმარების ავტონაწილების იმპორტის თვალსაზრისით", -აცხადებს ექსპერტი.
"შეიძლება, მაღალი მოხმარების ავტომობილზე ფასები გაიაფდეს კიდეც. ჯერჯერობით ბევრი რამე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დაუბრუნდება იაპონიის ეკონომიკა ჩვეულ რიტმს. იქ, ფაქტობრივად, პარალიზებულია ენერგოსექტორი, რამაც ბევრი სხვა სექტორების გაჩერება გამოიწვია", _ აღნიშნავს ნარმანია.
ნარმანიას აზრით, ალბათ 2-3 წელი მაინც დასჭირდება იაპონიას, რომ ეკონომიკური ზრდის, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ძველ მაჩვენებლებს დაუბრუნდეს.
"ჩინეთის ბაზარი დაიკავებს მსოფლიო ბაზრის გარკვეულ სეგმენტს, თუმცა, ალბათ, ბოლომდე იაპონიის მაგივრობას ვერ გაწევს. ამ მდგომარეობის მერე იაპონია სერიოზულად გადახედავს თავისი ეკონომიკის კონიუნქტურას. ამიტომ შესაძლოა, გარკვეული ტიპის სექტორი მეტად განვითარდეს, სხვა სექტორი კი _ შედარებით ნაკლებად".