რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს მიერ შეტანილი სარჩელის განხილვის დაწყებას აპროტესტებს და ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"1 დეკემბერს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციამ წერილობითი პროტესტი შეიტანა სასამართლოს იურისდიქციის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც საქართველომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი შარშანდელი მოვლენების გამო, ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტენის ადრეულ ეტაპებზე მომხდარი მოვლენების გამო რუსეთის ფედერაციას 1965 წლის რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს",_ იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და იქვე აღნიშნავს, რომ "მას შემდეგ რაც გასული წლის აგვისტოში საქართველოს მცდელობა გადაეწყვიტა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არსებული უთანხმოება ძალისმიერი მეთოდით, საქართველომ მიმართა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს და რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. თავის მიმართვაში საქართველო ამტკიცებს, რომ რუსეთი აქეზებდა მხარს უჭერდა და ახორციელებდა ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას და ხელს უწყობდა ქართველების განდევნას ამ რესპუბლიკების ტერიტორიებიდან".
რუსეთის ფედერაციის მიერ შეტანილი პრეტენზიების არსი კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მდგომარეობს იმაში, რომ "დაამტკიცოს საქართველოს მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის უსაფუძვლობა და დაანახოს ყველას, რომ საერთაშოროსო სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია საქართველოს სარჩელი განიხილოს".
რუსეთის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ახლა უკვე, რუსეთის მიერ პრეტენზიების წარდგენის შემდეგ, საქართველო ვალდებული იქნება დამატებითი მოსაზრებები წარადგინოს ამ საქმესთან დაკავშირებით 2010 წლის მარტისათვის. ამის შემდეგ კი უკვე შესაძლებელია სიტყვიერი განხილვის დაწყება.