საქართველო-ევროკავშირს შორის ორი ხელშეკრულება გაფორმდა. კონკრეტულად ხელი მოეწერა "საქართველოს პროფესიული განათლების და მომზადების სექტორის მხარდაჭერის" პროგრამას და საჯარო უწყებათა დაძმობილების პროგრამა TWINNING-ის 2009 წლის საფინანსო შეთანხმებას.
ქართული მხრიდან დოკუმენტებს ხელი ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მოაწერა.
პირველი პროგრამის მიზანია პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის რეფორმების ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ევროკომისია 2009-2012 წლებში საქართველოს 19 მლნ ევროს ოდენობის უსასყიდლო ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, აქედან 17 მლნ ევრო სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება, რასაც მთავრობა სურვილისამებრ განკარგავს, ხოლო 2 მლნ ევრო გამოყოფილი იქნება ტექნიკური დახმარების მიზნით, პროგრამის მონიტორინგისა და მხარდაჭერისთვის.
საბიუჯეტო მხარდაჭერის კომპონენტის პირველი ტრანში (6 მლნ ევრო), სავარაუდოდ, მიმდინარე წლის დეკემბერში ჩამოირიცხება, მე-2 და მე-3 ტრანშები (თითოეული 5.5 მლნ ევრო) 2011-2012 წლებში.
რაც შეეხება საჯარო უწყებათა დაძმობილების პროგრამა TWINNING-ის 2009 წლის საფინანსო შეთანხმებას, რომლის ღირებულება 8,4 მლნ ევროა, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერებისთვის საექსპორტო დახმარებას ითვალისწინებს.
როგორც გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები რეფორმებს ევროპის ქვეყნების შესაბამისი უწყებების გამოცდილების გაზიარებით წარმართავს.
დოკუმენტებზე ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონერენციაზე ბარამიძემ მთავრობის სახელით ევროკავშირს საქართველოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირ-საქართველოს შორის ამ დღეებში კიდევ ერთი ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება, რომელიც 2009 წლის სასრუსათო უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებას შეეხება (2 მლნ ევრო), რომელსაც ქართული მხრიდან ხელს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი მოაწერს.