საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საპროტესტო მიმართვა მოამზადა, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის საგარეო და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებს გაეგზავნება, _ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
დავით ბაქრაძე ოფიციალურ პარიზს მოუწოდებს, რუსეთისთვის სადესანტო ხომალდის -"მისტრალის~ მიყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას "კომერციული ინტერესების გარდა, რეგიონში მშვიდობის დაცვის ინტერესიც გაითვალისწინონ~. ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც იგი აცხადებს, `საქართველოსთვის "მისტრალთან~ დაკავშირებით რუსეთ-საფრანგეთის სამხედრო გარიგება სულერთი არ არის~, რადგან ეს საკითხი უკავშირდება ქვეყნის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას.
ბაქრაძე პარიზს საფრანგეთს პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მედიატორობით ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებასა და მოსკოვის მიერ ამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხს კიდევ ერთხელ ახსენებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ `მისტრალზე~ საუბრისას რუსეთის გენერლები არ ფარავენ, რომ მას გასული წლის აგვისტოს ომში ეფექტურად გამოიყენებდნენ.
ცნობილია, ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას პარიზში ყოფნისას განაცხადა, რომ ~მისტრალის~ შეძენას არ გამორიცხავს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა გარანტიები არსებობს, რომ რუსეთი ამ ხომალდს საქართველოს წინააღმდეგ არ გამოიყენებს, პუტინმა აღნიშნა, რომ ~მისი შეძენის შემთხვევაში რუსეთი ~მისტრალს~ იქ გამოიყენებს, სადაც საჭიროდ ჩათვლის~.
ამ სამხედრო გარიგების შეფასებისას, მმართველი საპარლამენტო გუნდის წარმომადგენლები საფრანგეთის მისამართოთ საკმაოდ კრიტიკული განცხადებებით გამოვიდნენ.