იაპონიაში მყოფი საქართველოს რვა მოქალაქის ადგილსამყოფელი და მდგომარეობა უცნობია. მათთან დაკავშირება, სავარაუდოდ, დღეს კომუნიკაციების აღდგენის შემდეგ მოხერხდება. 35 ქართველიდან 27-ს კი საქართველოს საელჩო უკვე დაუკავშირდა. ისინი ტოკიოსა და ქვეყნის სამხრეთით ცხოვრობენ, სადაც მიწისძვრას დამანგრეველი შედეგები არ მოჰყოლია.
იაპონიის კატასტროფის ცენტრსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში დაშავებულ ქართველებზე ინფორმაცია არ გააჩნიათ. იაპონიაში მყოფ ქართველებს შორის სპორტსმენებიც არიან, რომლებიც ქვეყანას აეროპორტის დატბორვის გამო ვერ ტოვებენ.
იაპონიაში მცხოვრები ქართველი სანდრეო ლეჟავა "ტელეიმედთან" საუბრისას აცხადებს, რომ იაპონიაში ძალიან ცუდად მუშაობს ტრანსპორტი და ყოველ წუთში მიწისძვრის ბიძგი შეიგრძნობა.
"მე სხვა ქალაქში ვმუშაობ და 16 საათი დამჭირდა სხვა ქალაქში მცხოვრები ოჯახის სანახავად. დიდი ზარალია. არა მგონია, საფრთხე ემუქრებოდეთ ქართველებს. მართალია, ერთმანეთს ტელეფონით ვერ ვუკავშირდებით, მაგრამ ვიცი, რომ ყველანი კარგად არიან",_აცხადებს საქართველოს მოქალაქე.
ცნობისთვის, ქართველების უმეტესობა იაპონიის სამხრეთ ნაწილში_ ოსაკაში, ნაგოიასა და კიოტოში ცხოვრობს, სახაც მიწისძვრის ხარისხი ნაკლები იყო.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში მომხდარი 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასა და ცუნამს 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულია ათასობით ადამიანი, რომელთაგანაც, სავარაუდოდ, უმრავლესობა დაღუპულია.