საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ნატოს პოზიცია უფრო მყარია, ვიდრე ევროკავშირის.
"ალიანსის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დკავშირებით ურყევია. ის ბევრად უფრო მკაფიო და მკაცრია ვიდრე ევროკავშირის", - განუცხადა მენაღარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" და აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხზე საუბარი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზეც გაიმართება, რომელიც ბრიუსელში, 4 დეკემბერსაა დაგეგმილი.
მენაღარიშვილის ვარაუდით, რუსული მხარე აღნიშნული საბჭოს სხდომაზე ალიანსს ევროპული უსაფრთხოების ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით მედვედევის ინიციატივის საფუძველზე მომზადებულ პროექტსაც გააცნობს.
საერთო ჯამში, ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, ნატო-რუსეთის ურთიერთობაში გარკვეული გააქტიურება შეინიშნება, თუმცა აქვე აცხადებს, რომ ნაკლებ სავარაუდოა, ალიანისა და მოსკოვის ურთიერთობა ომამდე არსებულ სიტუაციას სწრაფად დაუბრუნდეს.
"თუმცა ურთიერთობაში გარკვეული დინამიკა შეინიშნება, რასაც ისიც მოწმობს, რომ ნატო-რუსეთის საჭოს სხდომა მინისტრების დონეზე პირველად იმართება", - განმარტა მან.