თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია " ჩვენი თბილისის" წევრი ვიქტორ დოლიძე სოციალური საცხოვრისის 2012-2014 წლების მუნიციპალური პროგრამის დამტკიცებასა და შემუშავებას მოითხოვს.
როგორც დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისში თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ადამიანთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
დოლიძის განცხადებით, შემოსული წერილების ანალიზისა და მოქალაქეებთან მრავალგზის შეხვედრების შედეგად, თბილისელთა უთავშესაფროდ დარჩენის სამი ძირითადი მიზეზი გამოიკვეთა: ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების დასაფარად ბინების გაყიდვა, ბანკების სესხების გადაუხდელობა და ოჯახის წევრთა მიმართ განხორციელებული სამართალდევნისას საპროცესო გარიგების თანხის დაფარვა.
"თავისუფალი დემოკრატები" ქალაქის მერიას საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების მონაწილეობით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას ვთავაზობთ, რომელიც საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიისა და საკრებულოს სხდომებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოამზადებს.
დოლიძის თქმით, სოციალური საცხოვრისის 2012-2014 წლების მუნიციპალური პროგრამა უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს. პროგრამის რეალიზაციის პირველი ეტაპი მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს. ამ მიზნით დედაქალაქის 2012 წლის ბიუჯეტში არანაკლებ 10 მილიონი ლარი გაითვალისწინონ. ასევე, სათანადო სახსრების მოძიების მიზნით, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ოპოზიციური დეპუტაციის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა.
"თავისუფალმა დემოკრატებმა" ამ განცხადებით დედაქალაქის მერს წერილობით მიმართეს.