საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოკუპანტების მიერ ქართველების გატაცების ფაქტების გახშირებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება და აღნიშნულს "ამორალურ ქმედებებად" აფასებს.
"რუსი ოკუპანტების ამორალურმა ქმედებებმა ტოტალური ტერორის ხასიათი მიიღო. კრემლი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მას არაფრად მიაჩნია საერთაშორისო სამართალი და მსოფლიო საზოგადოების აზრი. დაუსჯელობის სინდრომმა რუსეთის ხელისუფლების შეგნებაში იმდენად მოიკიდა ფეხი, რომ უკანონობა კრემლის პოლიტიკის ნორმად იქცა. ამის კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ ოკუპანტები ღიად ებრძვიან ბავშვებსაც კი და დღემდე მძევლად ჰყავთ ტირძნისიდან გატაცებული საქართველოს ორი არასრულწლოვანი მოქალაქე", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მხარე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობასა და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს სათანადო შეფასება მისცენ ზემოხსენებულ ყაჩაღურ ქმედებებს და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება მომავალში ამგვარი დანაშაულების აღკვეთის მიზნით.
შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს რუსმა ოკუპანტებმა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა გალის ადმინისტრაციულ საზღვართან დააკავეს და გალის მიმართულებით წაიყვანეს 6 ეთნიკური ქართველი, თუმცა შემდგომში ისინი გაათავისუფლეს. იმავე საღამოს, გალის რაიონის სოფელ თაგილონთან დააკავეს კიდევ საქართველოს 16მოქალაქე (ეთნიკური ქართველი), მათ შორის მოხუცები და ბავშვები, რომლებიც ზუგდიდიდან გალში ბრუნდებოდნენ. ამ დროისათვის ეს 16 პირიც გათავისუფლებულია.