საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ნატოს დღევანდელი მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინისადმი პოზიტიურ გზავნილებს ელოდება.
"იმედი მაქვს ალიანსის ეს უმაღლესი ორგანო კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის მზადყოფნას ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ", - განუცხადა მენაღარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" ბრიუსელში, დღეს დაგეგმილ ნატოს მინისტერიალზე კომენტირებისას, რომელზეც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.
თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს მთავარი დიპლომატიური უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ეჭვობს, რომ "საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე მზადყოფნის დადასტურება დეკლარაციას არ გასცილდება".
"მგონია, რომ ეს დადასტურება დეკლარაციას არ გასცილდება, რადგან ჯერჯერობით უფრო კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის პერსპექტივა არ ჩანს, მაგრამ თავისთავად პოზიტიური გზავნილებიც მნიშვნელოვანია", - განმარტა მან.