მინისტრმა კობა სუბელიანმა, მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს თანამშრომლებმა წინწყაროში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას ენერგოვაუჩერები ჩაუტანეს. სამინისტროს თანამშრომლებმა დევნილებს პირადი ვაუჩერები აჩუქეს.
წინწყაროში აფხაზეთიდან დევნილი 56 ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის ის ოჯახებიც არიან, რომლებიც თბილისში, 1 ოთახში 7-8 სული სხვადასხვა შენობაში ცხოვრობდა. სამინისტრომ მათთვის წინწყაროში 2 სართულიანი სახლები სახნავ-სათეს მიწებთან ერთად შეიძინა. ეს სახლები დევნილების საკუთრება იქნება.
როგორც დევნილებმა მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნეს, ვაუჩერები მათთვის წვრილმანი დახმარება არ არის. თამარ ჩხეტიანი, ზემო აფხაზეთიდან დევნილი: „ჩემთვის ეს ვაუჩერი ძალიან დიდი დახმარებაა, ერთი ჩემს სახელზე უკვე მივიღე, ეს კი მეორე ვაუჩერია. თვეში 40 ლარის ჩემი ოჯახისთვის დიდი შეღავათია. დენის გადასახადზე 3 თვე მეყოფა. ამას გარდა, ძვირფასი სახლიც გვიყიდეს. იმდენად კმაყოფილი ვარ, სიხარულს ვერ გამოვხატავ."
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დახმარება გაგრძელდება.
"ჩვენი მთავარი მიზანია, ახალი ჩასახლებების აღდგენა, როგორიც არის წინწყარო, ბაკურციხე და სხვა. ადგილზე ვეხმარებით დევნილ მოსახლეობას, რომ მყარად იყვნენ და მათი პირობები მდგრადი გახდეს. ისნის ჰოსპიტალში თუ თუნდაც გამომცემლობა „სამშობლო"-ში მათი ცხოვრება მართლაც გაუსაძლისი იყო. იმ მდგომარეობაზე საზოგადოებაც წუხდა. არანაირი სველი წერტილი და საცხოვრებელი პირობები არ ჰქონდათ. ასეთი გადაწყვეტით კი იმ ყველაფერს წერტილი დავუსვით. ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ გრანდიოზული რამ შესძლო სახელმწიფომ. მთავარია, ამ ახალი ჩასახლების ადგილებში მოსახლეობას თუნდაც მსგავსი ელემენტარული სოლიდარობით დავეხმაროთ. უახლოეს მომავალში, ძროხებისა და შინაური ფრინველების დარიგებას ვაპირებთ, რომ ამ ხალხმა სოფლის მეურნებოით იცხოვროს და როცა დრო მოვა, აქეთ დაგვეხმარონ", _ განაცხადა სუბელიანმა.