ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შეხვდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება და ორმხრივი ურთიერთობების საკითხი იყო. როგორც თავად ბაიდენმა მედვედევთან შეხვედრისას განაცხადა, შეერთებული შტატები მხარს უჭერს რუსეთის მიერ არჩეულ ცვლილებების გზას, რომელიც მას მოდერნიზაციამდე მიიყვანს.
"ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე აქ ვარ, არის ის პრეზიდენტ ობამას სურვილი, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ განვაგრძობთ ეკონომიკურ ფრონტზე დაწყებულ პროგრესს. გრძელდება ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ რუსეთის ცვლილებების გზას, რომელიც მოდერნიზაციამდე მიგვიყვანს. გვსურს, რომ ამ პროცესის ნაწილი ჩვენც ვიყოთ", - აღნიშნა ბაიდენმა მედვედევთან შეხვედრისას.
რაც შეეხება თავად რუსეთის პირველ პირს, მისი თქმით, აშშ-რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დონე ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც სწორედ იმის ბრალია, რომ რუსეთი ვმო-ს წევრი არაა.
"ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების დონე განსხვავდება პოლიტიკურისგან, რაც იმის ბრალია, რომ რუსეთი არ არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. იმედი მაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით პროცესი შეერთებული შტატების მხარდაჭერით დასრულდება. ჩვენ გვაქვს მსხვილი ეკონომიკური პროექტები, რომლებიც ერთად უნდა განვახორციელოთ", - აღნიშნა მედვედევმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მოსკოვს გუშინ ეწვია. ჯოზეფ ბაიდენი ეკონომიკურ საკითხებზე საუბარს დღეს უკვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან განაგრძობს. დღესვე დაგეგმილია მისი შეხვედრა ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.