დღეს, 10 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართება პროექტში - "1000 დატრენინგებული სტუდენტი სტუ-ში" - მონაწილე სტუდენტების დაჯილდოება. ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრებიან სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი.
დაჯილდოების შემდეგ თვითმმართველობა საზოგადოებას წარუდგენს 2010 წლის მუშაობის ანგარიშს და 2011 წლისთვის აქტუალური პროექტების პრეზენტაციას გამართავს.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის პარალელურად, სტუდენტებს შორის ჩატარდა გამოკითხვა უნივერსიტეტში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებთან, კონკრეტულად კი სტუდენტთა შეფასებისა და პროფესორ-მასწავლებელთა ლექციაზე დასწრების მონიტორინგის ახალი ელექტრონული სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით.
ამავე დღეს, აღნიშნული ღონისძიების გარდა, იგეგმება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი დარბაზის გახსნა, რომლის რეაბილიტაციაც 2010 წლის სექტემბერში დაიწყო და სულ ახლახან დასრულდა.
დარბაზის გახსნასთან და სერთიფიკატების გადაცემასთან დაკავშირებით, მიწვეული იქნება ქ. თბილისის მერიის "ბიგ ბენდი", რომელიც ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს.