10 მარტს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ესტონეთის ელჩი ტომას ლუკი ეწვევა. ელჩი გაცვლით პროგრამებში მონაწილე ქართველ და ესტონელ სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი სამომავლო გეგმებსა და მათ განხორციელებას შეეხება; თავად გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ხოლო პროგრამაში ჩართვის მსურველებს საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.
თსუ-სა და ტარტუს უნივერსიტეტს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე ხელშეკრულება 2006 წელს გაფორმდა. ამ ხნის განმავლობაში ტარტუს უნივერსიტეტში 23 ქართველი სტუდენტი გაიგზავნა სასწავლებლად, ხოლო თსუ-ში_ 17 სტუდენტი ჩამოვიდა ტარტუს უნივერსიტეტიდან.
ღონისძიებას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ესტონეთის კონსული საქართველოში, საელჩოსა და თსუ-ის წარმომადგენლები დაესწრებიან.