განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო შეიქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პარლამენტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილბები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს დირექტორი იმავდროულად განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იქნება.
სააგენტოს ფუნქცია იქნება სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება; ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქურის განვითარება; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა; სკოლის დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციაში გატარება; მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღიცხვა და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება; განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება.
აღნიშნული სააგენტო განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევებსაც ჩაატარებს და იმავდროლად დაევალება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ორგანიზება და კონტროლი. ასევე, სააგენტო ჩაატარებს იმ პირთა აღრიცხვასაც, რომელთაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოდანაშაულისთვის საგანმანათლებლო დაწებულებაში საქმიანობის უფლება ჩამოერთვათ.