საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ორი კატეგორიის რუსს ეკრძალება - საოკუპაციო ძალების წარმომადგენელს და უშიშროების ჯაშუშებს. ამის შესახებ საქართველოს პრეიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"ჩვენთან შემოსვლაზე უფრო ნაკლებად ექმნებათ რუსებს პრობლემა, ვიდრე ქართველებს რუსეთში. მაგრამ აქ შემოსვლა შეუძლებელი იქნება ორი კატეგორიის მოქალაქეებისთვის - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისა და უშიშროების ჯაშუშებისთვის", - აცხადებს მანანა მანჯგალაძე თბილისში რუსი ექსპერტების არშემოშვებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი შეფასებით, "რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ".
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეწ. ექსპერტები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანაშრომლობენ, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ჯაშუშებად იყვნენ გამოგზავნილები და საქართველოს ოკუპაციას უჭერენ მხარს.
ჩვენ მივესალმებით საქართველოში რუსი ბიზნესმენების, ტურისტების, ჩვეულებრივი მოქალაქეების და ხელოვანების შემოსვლას ლეგალური გზით", - აღნიშნა პრეს-სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კავკასიის კვლევათა ცენტრის ექსპერტ ნიკოლაი სილაევსა და რუსეთის ფედერაციის არქივის დირექტორს, სერგეი მირონენკოს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. ამის შემდეგ, ჯგუფის კიდევ სამმა წევრმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ ბარანოვსკიმ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციისა და საზოგადოებრივი მეცნიერების ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ალექსანდრე მილერმა და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორის მრჩეველმა, არტიომ მალგინმა საქართველოში შემოსვლაზე უარი თქვეს. ისინი ერევნის გავლით მოსკოვში გაბრუნდნენ.
რუს ექსპერტთა ჯგუფს 1-3 დეკემბერს თბილისში შეხვედრები უნდა გაემართა "რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტსა" და "ექსპერტთა კლუბში".