ცნობილი მეცენატის და ქართული კონიაკის ფუძემდებლის დავით სარაჯიშვილის ულამაზესი სასახლე და უნიკალური ღვინის მარანი, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში მდებარეობს, უყურადღებობისგან გაპარტახდა და დაინგრა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება.
დავით სარაჯიშვილის სასახლე მე-19 საუკენეშია აგებული. რაც შეეხება მარანს, იქ დღემდეა შემორჩნილი 100 ტონის ტევადობის ორსაუკუნოვანი ქვევრები, უცხოური წარმოების საწნახელი კი სოფელ ველისციხეში, ღვინის ქარხანაში გადაიტანეს.
სასახლის მახლობლად მდებარეობს ე.წ. ბუნებრივი მაცივარი, სადაც ხანგრძლივი დროით, კასრებით ღვინოს ინახავდნენ.
„ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, მაგრამ რაც შეიძლებოდა რომ გაგვეტანა იქიდან, გავიტანეთ. მე-19 საუკუნეში წარმოებული ყურძნის საწური მანქანა და საწნახელი, ველისციხის ღვინის ქარხანაში გვაქვს შენახული. რამდენიმე დღის წინ გვქონდა მოლაპარაკება ინვესტორთან. მისგან ველოდებით პროექტს, რომლითაც მარნის აღდგენა იგეგმება. ტერიტორია სულ 21 ჰექტარს მოიცავს და იქ ვაზის უნიკალური ჯიშებია გაშენებული, რომლის გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შოთა უტიაშვილმა.