"კურორტი საირმის" გასხვისებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე პირველ კომენტარს აკეთებს. დავით ბაქრაძის თქმით, ის კონკრეტულად არ ფლობს ინფორმაციას თუ ვის გადაეცა სიმბოლურ ფასად კურორტი საირმე, თუმცა მიიჩნევს, რომ პრინციპების დონეზე მთავარია არა კურორტის უშუალო ღირებულება, არამედ ის ვალდებულებები რომელიც ინვესტორმა უნდა აიღოს.
"თუ რომელიმე ობიექტი გადაიცემა სიმბოლურ ფასად ეს იმიტომ ხდება, რომ ობიექტში საჭიროა დიდი თანხის ინვესტირება. ამიტომ მთავარი არ არის ის თუ რა ფასად გაიყიდება, მთავარია რა ვალდებულებას იღებს ინვესტორი და როგორ განავითრაებს ინფრასტრუქტურას" - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ობიექტების გასხვისების შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა, შესაქმნელი სამუშაო ადგილს რაოდენობაა,
ხოლო მისი გაყიდვიდან შემოსული თანხა მეორეხარისხოვანია.
შეგახსენებთ, რომ კურორტი საირმე" "საირმის განვითარების კომპანიის" საკუთრება სიმბოლურ ფასად გახდა, რის სანაცვლოდაც ინვესტორი ვალდებულია კურორტის განვითარებისათვის 10 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
მთავრობამ "კურორტი საირმის" "საირმის განვითარების კომპანიისთვის" პირდაპირი მიყიდვის საკითხი ორგზის განიხილა. საპრივატიზაციო გეგმის პირველი ვარიანტის თანახმად, "საირმის განვითარების კომპანიას" კურორტის სანაცვლოდ 60 ათასი ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა საბოლოოს მთავრობამ გეგმა შეცვალა და საპრივატიზაციო გეგმის მეორე ვარიანტის მიხედვით ინვესტორი ობიექტში სიმბოლურ ფასს, 1 ლარს გადაიხდის.
გაწერილი გეგმის თანახმად, "საირმის განვითარების კომპანია" ვალდებულია კურორტის რეაბილიტაცია 2012 წლის ბოლომდე ეტაპობრივად განახორციელოს.
ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ "საირმის განვითარების კომპანია" ვალდებული იქნება ასევე საირმის მინერალური წყლით სარგებლობის დამოუკიდებელი და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყოს.