აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მუამარ კადაფის 30 მილიარდი დოლარის ოდენობით კერძო ანგარიშისა და ფასიანი ქაღალდების გაყინვის შესახებ გამოაცხადა.
კადაფისა და მისი გარემოცვის ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილება 25 თებერვალს მიიღეს, თუმცა გაყინული თანხის ოდენობა არ კონკრეტდებოდა.
ლიბიის ლიდერისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების განკარგულებას ხელი ბარაკ ობამამ მოაწერა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის დევიდ კოენის თქმით, აშშ-ის ისტორიაში ეს თანხა ყველაზე სოლიდურია ოდესმე დაბლოკილ თანხებს შორის. ამასთან, მან დასძინა, რომ მისთვის უცნობია, თუ რამდენ ბანკში ინახებოდა კადაფის ხელისუფლების ანგარიშები.
28 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ევროსაბჭომ კადაფთან მიმართებით სანქციები დააწესა. უახლოეს ხანში ძალაში შევა ლიბიის ლიდერისა და მისი გარემოცვის ევროკავშირის ტერიტორიაზე გასვლისა და მათი აქტივების გაყიდვის გადაწყვეტილება. უფრო ადრე გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც კადაფისთვის იარაღის მიყიდვის შეჩერებასა და კადაფის ლიბიიდან გასვლის აკრძალვას ეხებოდა.
შეგახსენებთ, ლიბიაში საპროტესტო აქციები თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო. არაოფიციალური ინფორმაციით, არეულობას 2 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები