1-ლი მარტიდან სიმინდის წარმოების ხელშეწყობის ფარგლებში, მაღალხარისხიანი, სერტიფიცირებული სათესლე მასალის გაცემა იწყება. ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პეტრე ნასყიდაშვილი ამბობს, რომ სიმინდზე დიდი მოთხოვნის პირობებში, პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა გაიზრდება.
"სიმინდი საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი კულტურაა, დღეს სიმინდის ფასმა შიდა ბაზარზე ერთ კილოგრამზე ორ ლარს გადააჭარბა. სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, სიმინდზე დიდი მოთხოვნაა, ჩემი ინფორმაციით, მიმდინარე წლის მოსავალს მყიდველი უკვე გამოუჩდნენ. ისინი, სიმინდის საქართველოდან ექსპორტზე გატანას გეგმავენ და ხალხს უკვე სთავაზობენ სხვადასხვა ფასით წინასწარ გადახდას. ამავე დროს, სიმინდის მოთხოვნილება მნიშვნელოვნად იზრდება ჩვენი ქვეყნის ბაზარზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ფერმერებმა გამოიყენონ ჰიბრიდული სიმინდის თესლი, რომელიც დღეს მთავრობის პროგრამის წყალობით ხელმისაწვდომია მათთვის. მთელ მსოფლიოში ბევრი ფერმერი ჯერ კიდევ ვერ შოულობს აღნიშნული სახის თესლს", - აცხადებს ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პეტრე ნასყიდაშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივას და მისი მიზანია საქართველოში სიმინდის მოსავლიანობისა და წარმოებული სიმინდის ხარისხის ამაღლება. პროგრამას ახორციელებს სოფლის მეურნეობის კორპორაცია და მის ფარგლებში გათვალისწინებულია ჰიბრიდული ტიპის სიმინდის სათესლე მასალით ფერმერთა უზრუნველყოფა. შემოთავაზებული სათესლე მასალა შემდეგი მახასიათებლების მატარებელია: სათელსე მასალა გამოირჩევა უხვი და სტაბილური მოსავლიანობით, მაღალი რეზისტენტულობით დაავადებათა ფართო სპექტრის მიმართ და მაღალი გვალვაგამძლეობით. პროექტის ფარგლებში წარმოდგლენილია, სიმინდის თესლის 4 სახეობა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია Pიონეერ დღეისათვის სიმინდის სათესლე მასალის მსოფლიო ბაზრის 30 %-ს ფლობს და შესაბამისად ამ სექტორში გლობალური ლიდერია. ამჟამად სიმინდის თესლის პირველი ნაწილი უკვე საქართველოშია. სიმინდის სათესლე მასალა დასაწყობებული იქნება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. თესლის გაცემა დაიწყება პირველი მარტიდან.
თესლის მისაღებად, აუცილებელია პროგრამაში დარეგისტრირება. დასარეგისტრირებლად მსურველმა უნდა დარეკოს პროექტის ცხელ ხაზზე (ტელ. +995 32 605 105), მიაკითხოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს (გამგეობას), ან დარეგისტრირდეს ვებ გვერდის მეშვეობით (წწწ.სიმინდი.გე). დარეგისტრირების შემდეგ, თითოეული მსურველი მიიღებს დეტალურ ინფორმაციას პროექტის პირობებისა და სიახლეების შესახებ. ერთ ჰექტარზე მეტი ფართობისთვის სათესლე მასალის გაცემისას, აუცილებელია სადაზღვევო ან საბანკო საგარანტიო წერილის წარმოდგენა. საგარანტიო წერილის მიღება შეიძლება ნებისმიერ ბანკსა და წამყვან სადაზღვევო კომპანიებში.
სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში დღევანდელი მონაცემებით დარეგისტრირებულია 15500- ე მეტი ადამიანი, რაც 20 000 ჰექტრამდე ფართობს მოიცავს. რეგისტრაციის პროცესი გაგრძელდება აგროვადების დაცვით.