„MEGOBARI აქტის“ გაცოცხლების კიდევ ერთი მცდელობა იყო, თუმცა აშშ-ის სენატის სპიკერის გადაწყვეტილება არის გამოვლინება, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისკენ ნაბიჯები იდგმება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა გამოცემა The Hill-ის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ უარი თქვა სპიკერ მაიკ ჯონსონის თხოვნაზე, „მეგობარი აქტი“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს დამატებოდა.
„მარტივი გასაგებია, რომ „MEGOBARI აქტის“ გაცოცხლების კიდევ ერთი მცდელობა იყო. ეს სცენა ისევ იმ ოპერიდან არის, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცუდი უნდა ილაპარაკო, რათა დააზიანო. ამას საფუძველი აქვს თუ არა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. რას ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის სპიკერის ნაბიჯი? ეს არის პრაგმატული გამოვლინება. მართალია, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სტრატეგიული ურთიერთობების დონეზე დაბრუნება ისე სწრაფად არ ხდება, მაგრამ პრაგმატულ დონეზე ეს ნაბიჯები უკვე არის. ნახეთ, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ყოფილი ელჩის გაწვევა პენსიაში, ჩვენს ელჩს ძალიან სწრაფად მისცეს აგრემანი. ანუ, ნაბიჯები იდგმება და ისინი ამ ურთიერთობების პრაგმატულ ჩარჩოში ბრუნდებიან. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოსა და ამერიკას შორი სამართლიანი, პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები აღდგება“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.