იმდენად მძიმე შესაძლო დანაშაულთან გვაქვს საქმე, როდესაც მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ გამოყენებულია კანონით აკრძალული ქიმიური იარაღი, რომ სათანადო გამოძიების გარეშე არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
„ყველაფერი ლოგიკური იქნება. მძიმე დანაშაული თუ დადასტურდა, სანქციები კი არა, გაცილებით მძიმე სასჯელიც შეიძლება ეკუთვნოდეს იმ პირებს. პირველ რიგში, საჭიროა გამოძიება, ოღონდ არა ადგილობრივი გამოძიება, რომლის მიმართაც საზოგადოებაში არანაირი ნდობა არ არსებობს, არამედ სანდო, რეპუტაციული და ავტორიტეტული. ისეთი გამოძიება, რომლის მიერ გამოტანილი დასკვნები არავის გაუჩენს კითხვებს. „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გამოიძია სწორედ ამ პერიოდის აქციებზე, არათუ გადაცდომების, არამედ პირდაპირი დანაშაულების შესახებ, რასაც პოლიციელები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ჩადიოდნენ. არათუ ერთი პოლიციელი დასჯილა, საქმეც არ აღძრულა არავის მიმართ. კარგად იცით, მშვიდობიანი ახალგაზრდები, და არამხოლოდ ახალგაზრდები, როგორ არიან ნაცემები, ლამის სიკვდილამდე მიყვანილები. ამის შემდეგ გასაკვირი არ იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ არაფერი გამოიძიოს ან ისე გამოიძიოს, როგორც მას სჭირდება. ამიტომ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიება.
შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: "ბოლოდროინდელი ცნობები იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ღრმად შემაშფოთებელია... მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობასა და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და შესაბამისი სანქციები დააწესონ პასუხისმგებელ პირებზე".