"ჩვენი ბოლო წლების უმთავრესი მონაპოვარი არის ის, რომ ჩვენ, როგორც ერმა და საზოგადოებამ, დავიწყეთ სახელმწიფოებრივი აზროვნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით კადეტთა კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
"ჩვენი ბოლო წლების უმთავრესი მონაპოვარი არ არის არც დაგებული გზები, არც ახალი შენობები და არც ის, თუ რამდენი პროცენტის იზრდება ეკონომიკა ან რამდენი მილიარდია უცხოური ინვესტიცია - ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უმთავრესი არის ის, რომ ჩვენ, როგორც ერმა და საზოგადოებამ, დავიწყეთ სახელმწიფოებრივი აზროვნება", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში შეიქმნა პოლიტიკური კლასი, რომელიც აზროვნებს სახელმწიფოებრივად და რომლის მოქმედების, ფიქრისა და მსოფლმხედველობის ქვაკუთხედს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული მრავალეთნიკური სახელმწიფოს არსებობის დაცვისა და განვითარების იდეა.
"შეიქმნა პოლიტიკური კლასი, რომლისთვისაც საქართველო აღარ წარმოადგენს რომელიმე იმპერიის პროვინციას, რომლისთვისაც პოლიტიკური ცენტრი არის თბილისი და დამატებით გახდება ახლა ქუთაისი და რომელსაც ესმის, თუ როგორ მუშაობს თანამედროვე საჯარო პოლიტიკა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს იყო განსხვავება საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის 80-იანი წლების დამლევს.
"მათ მოასწრეს დამოუკიდებლობის 20-წლიან პერიოდში 1939 წლამდე პოლიტიკური კლასის ფორმირება და ეს მახსოვრობა შეინარჩუნეს. ბევრი მათგანი ცოცხალი იყო დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების დროს და ამას მომზადებულები შეხვდნენ. მათ სწორად მანევრირება შეძლეს, ჩვენ კი პოლიტიკური გზამკვლევის არქონის გამო 90-იან წლებში პრაქტიკულად არ გვქონდა შანსი. ამაზე ბევრი მიფიქრია", _ განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამის შედეგად საქართველო
თითქმის ყველა დადებულ ნაღმზე აფეთქდა, ყველა მახეში გაება და ყველა ჩაგდებულ ანკესზე წამოეგო.
"მაშინ რომ დღევანდელი პოლიტიკური გამოცდილება გვქონოდა და დღევანდელი პოლიტიკური კლასი გვყოლოდა, ამ შეცდომებს ნამდვილად თავიდან ავიცილებდით", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის მიმართვას ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს პირველი მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას შთამომავლები და იუნკერების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.