ერთიანი ეროვნული გამოცდების სერტიფიკატის გაცემის ვალდებულება უქმდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები შედის "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში.
მოქმედი კანონმდებლობით, გამოცდების გავლის შემთხვევაში პირს ეძლევა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიღებული ქულის მითითებით, რომლშიც მითითებულია, მოიპოვა თუ არა აბიტურიენტმა სასწავლო გრანტი და აბიტურიენტის ადგილი ფაკულტეტზე გაგზავნილ სიაში.
აბიტურიენტი დოკუმენტს წარუდგენს იმ ფაკულტეტს ან ფაკულტეტებს, რომელზეც მან სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა.
კანონპროექტით კი აღნიშნული ვალდებულება უქმდება.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, აღნიშნული სერთიფიკატი თავის მოვალეობას რეალურად არ ასრულებს.
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანებები (აბსოლუტური და კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტები და სხვ,), არის აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის საფუძველი", - განმარტებულია პროექტში.
კანონპროექტის ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა და მის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან დაიწყებს.