ახლო აღმოსავლეთში მაცხოვრებელი ადამიანები ცივილიზებულნი არიან და ისინი სწორი გზის პოვნას შეძლებენ. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "პირველი კავკასიური არხისათვის" მიცემულ ინტერვიუში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.
"მიმაჩნია, რომ ახლო აღმოსავლეთში ადამიანები საკმაოდ ცივილიზებულნი არიან და ისინი შეძლებენ პოლიტიკური კლასის სწორი განლაგების შემთხვევაში სწორი გზის პოვნას. თუმცა ეს ყოველთვის სარისკოა. თავისუფლება ყოველთვის დაკავშირებულია რისკთან თუმცა თავისუფლების არქონაც ასევე რისკთანაა დაკავშირებული", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ დემოკრატიისაკენ და სიტყვის თავისუფლებისკენ სწრაფვა ეს ნებისმიერი ხალხის არჩევანია.
"თან ყველა ეს რევოლუცია, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში იღებს სხვა და სხვა მცენარეების სახელებს - "ჟასმინის რევოლუცია", "კედრის რევოლუცია" - ანუ რაღაც ბრენდი საქართველომ შექმნა. მე კარგად მახსოვს, რომ "ვარდების რევოლუციის შემდეგ მე ვიმყოფებოდი ახლო აღმოსავლეთში და გაოცებული ვიყავი, თუ როგორ დეტალურად იყვნენ ადამიანები ინფორმირებულნი ჩვენი რევოლუციის შესახებ. როგორც ჩანს მან მათზე მართლაც მოახდინა შთაბეჭდილება", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა საქართველოში ნამდვილი რევოლუცია სწორედ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოხდა, როდესაც სახელმწიფომ რეფორმების გატარება დაიწყო.