აშშ-ს მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეგვიპტის მოვლენები უნდა აღელვებდეს. მასსა და ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ მუბარაქს შორის ბევრი მსგავსებაა", - "ქართველი მუბარაქი" - ამ სათაურის სტატიას გამოცემა "THE NATIONAL INTEREST"-ში საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ცოტნე ბაკურია აქვეყნებს.
როგორც ბაკურია წერს, ამერიკელი საგარეო პოლიტიკის ექსპერტები, რომლებიც ტუნისსა და ეგვიპტეში მოულოდნელად რეჟიმების სწრაფი ცვლილების მოწმენი გახდნენ, დღეს იმ დანარჩენ ქვეყნებს სწავლობენ, სადაც მოქალაქეებს ძირითადი დემოკრატიული თავისუფლებები წართმეული აქვთ. ქვეყნებს, რომლებშიც ქუჩის საპროტესტო აქციები ძალადობაში გადადის, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები წნეხის ქვეშ არიან, სადაც ეკონომიკა ნანგრევებშია, არჩევნები გაყალბებული, სასამართლო სისტემა კორუმირებული, თავისუფალი მედია დაპყრობილი და დამუნჯებული. საქართველო კი სწორედ ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფოა.
"სააკაშვილის ექსტრავაგანტულობა სახალხო რისხვას იწვევს. პრეზიდენტმა თავისთვის მრავალმილიონიანი სასახლე ააშენა, შეიძინა თვითმფრინავი სპეციალური კატაპულტირების სისტემით და ამ ეტაპზე საკუთარ ცოლს მდიდრულ გუმბათიან სასახლის კომპლექსს უშენებს. ის მცველების არმიასთან ერთად მოგზაურობს, ისევე როგორც ლიბიის დიქტატორი მუამარ კადაფი, რომელიც თავისი "მადით" განთქმულია.
სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადა 2013 წელს იწურება, მაგრამ მან ისე შეცვალა კონსტიტუცია, რომ მომავალშიც შეძლებს ქვეყნის მართვას პრემიერ-მინისტრის რანგში. მან ასევე დაიქირავა ოთხი საუკეთესო ლობისტური კომპანია ვაშინგტონიდან, რომელთაგან ერთ-ერთი ჰოსნი მუბარაქს საკუთარ კლიენტად მიიჩნევს", - ნათქვამია ცოტნე ბაკურიას საავტორო სტატიაში.
ამასთან, ასლან აბაშიძის ყოფილი თანაგუნდელი მიიჩნევს, რომ თუკი შეერთებულ შტატებს მართლაც აქვს გადაწყვეტილი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა, მან უნდა შეაფასოს საკუთარი როლი სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერაში იმ დროს, როდესაც დიქტატორები მოდაში აღარ არიან.
"როგორც WikiLeaks-ის მიერ ახლახანს გამოქვეყნებული დოკუმენტი ცხადყოფს, შარშან ოქტომბერში სააკაშვილი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწეს ალექსანდრე ვერშბოუს შეხვდა არასტაბილური სიტუაციის განსახილველად ორ სეპარატისტულ რეგიონში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტმა დაიფიცა, რომ დაიბრუნებდა. როგორც ამას ევროკავშირის ანგარიში მოწმობს, 2008 წელს სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში შეიჭრა და ხუთდღიანი სამხედრო მოქმედებები გააჩაღა, რომლის დროსაც ბევრი ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე დაიჭრა, დაინგრა სახლები და ეკლესიები, ხოლო რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ დაიძრნენ", - ნათქვამია სტატიაში.
გარდა ამისა, სტატიის ავტორის შეფასებით, სააკაშვილის მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მცდარი ნაბიჯი აღმოჩნდა იმ ფონზე, როდესაც ობამას კრემლთან ურთიერთობების გაუმჯობესება და კავკასიაში დაძაბულობის განმუხტვა სურს.
"სააკაშვილის კოზირი ყოველთვის იყო პანკისის ხეობა, სადაც სულ უფრო გააქტიურებული ისლამისტი მებრძოლები არიან თავმოყრილნი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ათასგვარ ტერორისტულ აქტზე რუსეთის წინააღმდეგ, რომელთაგან უკანსკნელი მოსკოვის აეროპორტში განხორციელებული აფეთქებაა. მას ისეთ ადამიანად აღიქვამენ, რომელიც ტერორისტებისადმი ლოიალურია და ფარულად იწონებს კიდეც მათ საქმიანობას... როდესაც 2004 წელს, სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მისმა ცოლმა ერთ-ერთ ჟურნალს ინტერვიუ მისცა, სადაც საკუთარი ქმარი ძლიერი ლიდერის სახით ბერიას და სტალინს შეადარა. დიახ, სააკაშვილი შეიძლება სამხედრო დანაშაულებების გამო სასამართლოს წინაშე წარდგეს. თუკი მას დამნაშავედ ცნობენ, ის დახმარებისთის აშშ-ს მიმართავს. მაგრამ იმ დროისთვის, ეგვიპტური ციებცხელება უკვე გავრცელდება", - წერს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი.