"ქართული ოცნების" ხელისუფლება სათამაშო ბიზნესისთვის ახალი შეღავათების დაწესებას გეგმავს მაშინ, როცა ამ სექტორის სამართლიანი დაბეგვრით პენსიების მნიშვნელოვნად გაზრდა შეიძლება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ თბილისის საკრებულოს წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას. სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზება.
"ჩვენი დათვლით, სათამაშო ბიზნესის სამართლიანი დაბეგვრით შესაძლებელია ყოველწლიურად დამატებით 500 მილიონი ლარის მობილიზება, რაც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასა და სახელმწიფო უწყებებში კორუფციის აღმოფხვრასთან ერთად იძლევა შესაძლებლობას, რომ 2027 წლიდან ყველა პენსიონერის პენსია დამატებით 200 ლარით გაიზარდოს.
საზოგადოების ბრაზი რომ არ გამოიწვიოს, "ქართული ოცნება" აზარტული თამაშებისთვის შეღავათების დაწესებას ტურიზმის განვითარებით ამართლებს და ამტკიცებს, რომ საუბარია სპორტულ შეჯიბრებაზე.
ვსვამთ მარტივ კითხვას - თუ ეს სპორტული შეჯიბრებაა, რატომ რეგულირდება ის აზარტული თამაშების კანონმდებლობით და რატომ არის მისი ორგანიზების უფლება სამორინესთან დაკავშირებული?
რატომ სჭირდება მილიონობით ლარის საპრიზო ფონდის მქონე ღონისძიებას დამატებითი საგადასახადო შეღავათების დაწესება მაშინ, როდესაც სათამაშო ბიზნესის სამართლიანი დაბეგვრით პენსიონერების ცხოვრების მკვეთრად გაუმჯობესება არის შესაძლებელი?
სათამაშო ბიზნესის უკან "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკური და ბიზნესინტერესებიც დგას, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, რატომ ირჩევს ხელისუფლება ნაცვლად ამ ბიზნესის დაბეგვრისა, მისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებას.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 88 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ორ კვარტალში კი - 47 მილიარდი ლარი. 2025 წელს სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნესსექტორის მთლიან ბრუნვაში 35% იყო.
აზარტულმა თამაშებმა ათასობით ოჯახო გაანადგურა. ადამიანები კარგავენ დანაზოგს, უგროვდებათ ვალი, ენგრევათ ოჯახური ურთიერთობები და მომავალი.
ზოგ შემთხვევაში ფინანსურმა და ფსიქოლოგიურმა კრიზისმა ტრაგიკული შედეგებიც მოიტანა. სამწუხაროდ, ყოფილა სუიციდის შემთხვევები.
რომელი ეკონომიკური სარგებელი გადაფარავს დანგრეულ ოჯახებს, განადგურებულ მომავალსა და დაკარგულ სიცოცხლეს?
ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეკონომიკური ზრდა ვერ იქნება გამართლებული, თუ მისი სარგებელი კერძო ბიზნესს რჩება, ხოლო სოციალური ზიანის სიმძიმე მოქალაქეებსა და მათ ოჯახებს აწვებათ.
"ძლიერი საქართველო - ლელო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას! სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის დამატებითი შეღავათების დაწესება და უნდა დაიწყოს მისგან მიღებული სარგებლის საზოგადოებისთვის სასარგებლოდ გამოყენება, კერძოდ - პენსიონერებისთვის პენსიის რეალურად მოსამატებლად!"- განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.