დღეს, 25 თებერვალს, 11:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე მიკროავტობუსების მძღოლების აქცია-გაფიცვა გაიმართება. აქციის ორგანიზატორი "თავისუფალი საქართველოა". როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახა კუკავას პარტიიდან აცნობეს, თბილისის ტრანსპორტის სექტორში ელიტური კორუფციაა გამეფებული.
"რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ტენდერი თბილისში მიკროავტობუსების კომპანიების გამოსავლენად, რომლის მიხედვითაც, თითქოს გამარჯვებულ კომპანიას უნდა შემოეყვანა ახალი მაღალი კლასის მანქანები და განეხორციელებინა სისტემის რეფორმა და გაუმჯობესება. რეალურად ცნობილი ხდება, რომ გამარჯვებული კომპანია ითხოვს არსებულ მიკროავტობუსებთან ხელშეკრულებების გაფორმებას, მიკროავტობუსებზე სამომხმარებლო ტარიფების ზრდას და თითოელი სატრანსპორტო ერთეულიდან მათთვის 20-იდან 40 ლარამდე გადახდას თვეში", - ამტკიცებენ "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები.
მათი განმარტებით, 5-ივე გამარჯვებული კომპანია, არაოფიციალური ინფორმაციით, ეკუთვნის სააკაშვილის ოჯახთან დაახლოებულ "ბიზნესკლანს" - შარანგიებს, რომელთაც ყოველგვარი ინვესტიციების გარეშე უნდა გადაუხადონ თბილისელმა მძღოლებმა და მიკროავტობუსის მფლობელებმა ჯამში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი.
"აღნიშნული კორუფციული სქემის მიხედვით უმუშევარი უნდა დარჩეს ათასობით თბილისელი, ხოლო ასი ათასობით მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გაორმაგებული ტარიფები მომსახურებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
კუკავას პარტია დედაქალაქის საკრებულოსაც მიმართავს, "უახლოეს დღეებში მოეწყოს აღნიშნული საკითხის განხილვა, გაუქმდეს კორუფციული ტენდერის შედეგები და ჩატარდეს სისხლის სამართლის გამოძიება საქმეზე".
"კატეგორიულად მოვითხოვთ ჩატარდეს ყველა მანქანის ტექნიკური დათვალიერება და ყველა მანქანა, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტებს, დარჩეს ხაზზე. უცვლელი დარჩეს როგორც მათი გადასახადები, აგრეთვე სამომხმარებლო ტარიფები", - აცხადებენ მოძრაობაში.