საპატრიარქოს სულიერებისა და კულტურის ცენტრის პროექტის საქველმოქმედო ვახშამს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური, სასულიერო პირები, მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. ვახშამი სასტუმრო "რედისონში" გაიმართა.
პატრიარქი პროექტის მაკეტს თავად გაეცნო.
უკვე ცნობილია, რომ საპატრიარქოს სულიერებისა და კულტურის ცენტრი სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიის ჩრდლო-აღმოსავლეთ ნაწილში განთავსდება. ამ ტერიტორიაზე ქართული საეკლესიო მუზეუმი, კულტურის ცენტრი და ნიჭიერ ბავშვთა პანსიონი, ბერ-მონაზვნების საცხოვრისი იქნება. აქვე შეისწავლიან მინანქარს, გალობასა და საერო სიმღერებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტმა ილიამ აღნიშნა, ეს მართლაც კულტურისა და სულიერების ცენტრი იქნება, რომელიც უწმინდესის ინიციატივითა და უშუალო ლოცვა-კურთხევით გაკეთდება.
"მინდა, სრულიად საქართველოს და მის გარეთ მცხოვრებ ადამიანებს ვუთხრა, რომ ეს ისტორიული მისიაა. ამიტომ ვფიქრობ, ისინი მიიღებენ მონაწილეობას ამ პროექტის განხორციელებაში და თანხას "თი-ბი-სი" ბანკში გადარიცხავენ. ასევე, სუპერმარკეტებში დადგმება ყუთები, სადაც მათ შეეძლებათ შემოწირულობის გაღება", _ აღნიშნა არქიმანდრიტმა ილიამ.
დღევანდელ საქველმოქმედო ვახშამზე შემოწირული თანხა სრულად მოხმარდება აღნიშნული ცენტრის მშენებლობას.