საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრის ანგარიში მოისმინა. მიხეილ სააკაშვილი ალექსანდრე ხეთაგურს თავად ეწვია და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ენერგეტიკის მინისტრის თქმით, 2015 წლის ბოლომდე ქვეყანაში 17 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდება, თუმცა მანამდე ქვეყანაში ახალი გადამცემი ხაზის მშენებლობა იგეგმება, რაზედაც თურქულ მხარესთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ეს რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს, თურქეთის გავლით ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელოს.
"350 მგვტ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობა ქვეყანაში დამატებით ინვესტიციებით უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე საქართველო თურქეთს 1500 მგვტ. ენერგიას მიაწვდის. თურქეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ენერგობაზარია, საიდანაც საქართველო დენის გაყიდვას ევროკავშირის ქვეყნებში შეძლებს. საუბარია ასევე აღმოსავლეთის ქვეყნებზე - სირიასა და იორდანიაზე", - განაცხადა ხეთაგურმა.
მისი განცხადებით, ახალი გადამცემი ხაზის მშენებლობა წელს დაიწყება და 18 თვეში დასრულდება.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში დაგეგმილია ასევე ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაც.
"მცირე ჰესების მშენებლობას სამ სხვადასხვა რეგიონში ვვარაუდობთ. კახეთში 2 ახალი ჰიდროელექტროსადგური გვექნება, ერთი - გურიაში და ორი იმერეთში. მათი ჯამური სიმძლავრე 70 მგვტ-მდე იქნება და მათი მშენებლობა 4 წელიწადში დასრულდება", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა
საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, მოდერნიზაციის ფარგლებში, 2015 წელისთვის ქვეყანაში რამდენიმე ჰესის მშენებლობა დასრულდება, სადაც ათასობით ადამიანი დასაქმდება.
"დღეს მსოფლიო არის ენერგეტიკული უფსკრულის პირას და ეს პირდაპირ ეკონომიკას ურტყამს. ჩვენი გამოსავალი არის ამ მოდერნიზაციის პროგრამაში ახალი ჰესების მშენებლობა. ის ხელშეკრულება, რომელსაც თურქეთთან მოვაწერეთ ხელი, არის ისტორიული გარღვევა. თურქ პარტნიორებთან მიღწეული შეთანხმება განუზომელ შესაძლებლობებს ხსნის. ადრე რომელიმე ყაჩაღი თოფს რომ ესროდა გადამცემ ხაზს, რელურად ნახევარი ქვეყნის გათიშვა ხდებოდა. ასევე არასაიმედო იყო მე-9 ბლოკი. მიმდინარე პროექტები კი დიდ საწარმოო პოტენციალს ქმნის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოსა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრების მიერ 2010 წლის 29 სექტემბერს ხელმოწერილი "პარალელური რეჟიმის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის" შესაბამისად, მიმდინარე წლის 18 თებერვალს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთის ელექტროენერგიის გადაცემის ქსელის ტექნიკური ოპერატორის ("თეიაში"), "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები.
შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა ახალი 154-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის - ბათუმი (საქართველო) - მურატლი (თურქეთი) მშენებლობის ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს მხარეს ექნება სადგური მუდმივი დენის ჩანართით. მშენებლობის ხელშეკრულებას "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მხრიდან ხელი მოაწერა მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, სულხან ზუმბურიძემ, "თეიაშის" მხრიდან - მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ/გენერალურმა დირექტორმა ქემალ ილდირმა და "ენერგო პრო ჯორჯიას" მხრიდან - გენერალურმა დირექტორმა - რადოსლავ დუდოლენსკიმ.
"მშენებლობის ხელშეკრულების გაფორმება ამ ახალი ხაზის პროექტზე ნიშნავს მისი პრაქტიკული რეალიზაციის ფაზაში გადასვლას, რის შედეგადაც უახლოესი წლების განმავლობაში ბათუმი-მიურატლის ახალი 154 კვ-იანი ხაზი მუდმივი დენის ჩანართით მწყობრში უნდა შევიდეს. ახალი ხაზი წინასწარი მონაცემებით შეძლებს დაახლოებით 350 მგვტ ელექტროენერგიის გატარებას, რაც საგრძნობლად ზრდის საქართველოდან თურქეთის ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის ექსპორტის ტექნიკურ შესაძლებლობებს, აგრეთვე ხელს უწყობს ინვესტორთა დაინტერესებას საქართველოში ელექტროენერგიის მწარმოებელი ახალი სადგურების პროექტებით", განაცხადა "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ.
გარდა ამისა, შეხვედრაზე გაფორმდა ახალციხე (საქართველო) - ბორჩხა (თურქეთი) 400 კვ-იანი მშენებარე ელექტროგადამცემ ხაზზე 2009 წელს გაფორმებული მშენებლობის ხელშეკრულების ბოლო დანართი - განხორციელების გეგმა-ცხრილი (ამ დანართს ხელი მოაწერეს სსე-ს და თეიაშ-ის წარმომადგენლებმა), რომელშიდაც დეტალურად და ზუსტი ვადების ფიქსირებით განისაზღვრა ხაზის მშენებლობის ცალკეული ეტაპები საქართველოს და თურქეთის მხარეს. ამ ახალი დოკუმენტით კიდევ ერთხელ განისაზღვრა მხარეთა სრული მზადყოფნა - ხაზის მშენებლობის პროცესი დაასრულონ 2012 წლის მაისში. დანართში ფიქისრებული ცალკეული ეტაპების რეალიზაციის ვადები მნიშვნელოვნად ხელს უწყობს შიდა პროცედურების დროულად ჩატარებას, პროექტის შესრულებისას მხარეთა ძალისხმევების სინქრონიზაციას და მიმდინარეობის ერთობლივი მონიტორინგის გამჭვირვალე სისტემის ფორმირებას.
ქართული და თურქული მხარეების შემდეგი შეხვედრისათვის, თურქული მხარე მოამზადებს 2015 და 2017 წლებისთვის ელექტროენერგიის ნაკადის განაწილების ანალიზს და თურქეთის ენერგოსისტემის დინამიური სტაბილურობის ანალიზს (თურქეთისა და საქართველოს ენერგოსისტემების არსებულ და გეგმიურ მაკავშირებელზე ფოკუსირებით, კავშირის ადგილი თურქეთში), ასევე უნდა წარადგინოს რეკომენდაციები საქართველო-თურქეთის ენერგოსისტემების მაკავშირებლების უსაფრთოხოებისთვის და რისკის მინიმალიზაციისთვის. ხოლო ქართული და თურქული მხარეების შემდეგი შეხვედრისთვის ქართულმა მხარემ უნდა მოამზადოს საქართველოს ენერგოსისტემის დინამიური მოდელის კვლევა (საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების არსებულ და გეგმიურ მაკავშირებელზე ფოკუსირებით, კავშირის ადგილი საქართველოში), ასევე უნდა წარადგინოს რეკომენდაციები საქართველო-თურქეთის ენერგოსისტემების მაკავშირებლების უსაფრთხოებისათვის და რისკის მინიმალიზაციისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალში ჩაატარონ შეხვედრა "თეიაშის", სსე-სა და "ენერგო პრო ჯორჯიას" მონაწილეობით 400 კვ მაღალი გადამცემი ხაზის ახალციხე-ბორჩხას ანძების დიზაინისა და დაცვის სისტემების შესახებ. ასევე შეთანხმდნენ ტექნიკური ინფორმაციით ურთიერთუზრუნველყოფის შესახებ.
მხარეების შემდეგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება 2011 წლის 19-20 აპრილს ქალაქ ანკარაში, ხოლო ფინალური შეხვედრა - 2011 წლის 3 მაისს, სტამბულში, რომელზედაც მოხდება ერთობლივი ტექნიკური კვლევების საბოლოო შედეგების ანალიზი.