25 თებერვალს საზოგადოებრივი გაერთიანება "საქართველო-ჩემი სამშობლო" თბილისში ხოჯალის გენოციდის მე-19 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ამ ორგანიზაციის ეგიდით, აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციები მრგვალ მაგიდას გამართავენ, სადაც სომეხ ნაციონალისტთა მხრიდან აზერბაიჯანლების რბევის შესახებ ფოტოგამოფენა და დოკუმენტური ფილმი იქნება წარმოდგენილი.
როგორც გაერთიანება "საქართველო - ჩემი სამშობლოს" ხელმძღვანელმა ალი ბაბაევმა აღნიშნა, სომეხი ნაციონალისტების მიერ აზერბაიჯანელთა დევნის შესახებ წიგნი ქართულ ენაზედაც გამოვა. წიგნში შეიტანენ სომხური "ბაგრამიანის" ბატალიონის მიერ ჩადენილ სისასტიკეს აფხაზეთის ომის დროს. ასევე, სომეხ ნაციონალისტთა მიერ საქართველოს ისტორიისა და ძეგლების ხელყოფის ფაქტებს.
აღსანიშნავია, რომ ხოჯალინის გენოციდის 19 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტშიც გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
ღონისძიების ორგანიზატორია აზერბაიჯან-ამერიკის საბჭო, ამერიკა-აზერბაიჯანის საზოგადოება, თურქულ-ამერიკული ასოციაცია და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის თურქი სტუდენტების ასოციაცია. ამასთან, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკაში აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლები, ისტორიკოსები და ჟურნალისტები.
ღონისძიებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხოჯალინის გენოციდი მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი დანაშაულია.
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, მთიანი ყარაბახის რეგიონში მდებარე ქალაქ ხოჯალინს 1992 წლის 25 თებერვლის ღამეს სომხურმა ქვედანაყოფმა ალყა შემოარტყა და მოსახლეობის ეთნიკური წმენდა განახორციელა. "ჰუმან რაითს ვოჩის" ცნობით, გენოციდს 613 აზერბაიჯანელი და ე. წ. თურქი მესხი შეეწირა, მათ შორის, 106 ქალი და 83 ბავშვი.
ამერიკაში მცხოვრები აზერბაიჯანლები და თურქები ხოჯალინის ტრაგედიის გამო კვირეულის გამართვას გეგმავენ. კვირეულის ფარგლებში სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში განხილვა, ხოლო კანადის ქალაქ ტორონტოში ხსოვნის კონფერენცია გაიმართება.