კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აჭარის რეგიონალური წარმომადგენლობის მიერ "ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის" ფარგლებში სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარეობს სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, რომელიც გაზაფხულის მიწურულს შეჯამდება.
როგორც CENN გავრცელებულ განცხადებაში იტყობინება, წელს აჭარაში სხვა წლებთან შედარებით მძიმე ზამთარია, რამაც გამოიწვია ბუნებრივი კატასტროფების გააქტიურება (დიდთოვლობა, ზვავი, მეწყერი, ქარიშხალი). მოსახლეობას გარკვეული დროით შეუწყდა ელექტროენერგიით მომარაგება და ჩაიკეტა ცენტრთან დამაკავშირებელი გზები, რამაც სურსათისა და მედიკამენტების ნაკლებობა გამოიწვია.
აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობის გამო სპეცტექნიკაა მობილიზებული. უკვე ერთი თვეა, გზების დეპარტამენტი და სამაშველო სამსახური 24-საათიან რეჟიმზეა გადასული. მოქმედებს სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბებიც.