ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორის გიორგი მარსაგიშვილის თქმით, ეგვიპტეში მომხდარმა არეულობებმა უნიკალურ ექსპონატებს საფრთხე შეუქმნა. მათ შორის, საფრთხე დაემუქრა მუმიებს.
"კაიროს ნაციონალურ მუზეუმში ვერსად გაიხედავთ, რომ ყველაგან ხელოვნების უნიკალური ნიმუში არ დაინახოთ. ყველაფერია იქ _ ქვაში ნაკეთობა, კერამიკა, ჭედურობა, ძვირფასი ლითონები, ხის ქანდაკებები. რაც შეეხება მუმიებს, მათი ღირებულება არ განისაზღვრება. მუმიების ფასი განუზომელია, რადგან ისტორიულად მნიშვნელოვანია და მეცნიერების სხვადასხვა სფეროს მოიცავს _დაწყებული მედიცინიდან, დამთავრებული ხელოვნების ისტორიით", _ აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გიორგი მარსაგიშვილმა.
მისი თქმით, კაიროს მუზეუმიდან ნებისმიერი ექსპონატის მოკლება მარტო ეგვიპტისთვის კი არა, მთელი კაცობრიობისთვისაა დანაკლისი.
"საქართველოს ხელოვნების მუზეუმშიც ინახება ერთი მუმია., რომელიც საქართველოს დესპანმა პეტერბურგში გიორგი ავალიშვილმა ჩამოიტანა. ზოგადად, მუმიების ფასი ასაკის მიხედვით განისაზღვრება,"_აღნიშნა გიორგი მარსაგიშვილმა.
მარსაგიშვილის თქმით, არაა გამორიცხული, კაიროს მუზეუმიდან გატაცებული ექსპონატები შავ ბაზარზეც აღმოჩნდეს.
"არ წარმომიდგენია ისეთი ადამიანი, რომელიც მოისურვებს, სახლში ჰქონდეს მუმია. ეს შეიძლება ფულის დასაბანდებლად სურდეთ, რათა შემდეგ კერძო კოლექციისთვის შავ ბაზარზე გაყიდონ. ცხადია, ეს ფარულად მოხდება, რადგან კერძო კოლექციონერიც ვერ გამოაჩენს ამ ექსპონატს", _ აღნიშნა მარსაგიშვილმა.
შეგახსენებთ, არეულობის დროს ეგვიპტის კაიროს მუზეუმში მუმიებზე ვანდალური თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმელებმა ორ მუმიას თავი მოაგლიჯეს და იატაკზე დაყარეს. როგორც მუზეუმის ხელმძღვანელობა აცხადებს, ვანდალებმა 10 პატარა არტეფაქტიც დააზიანეს.
ცნობისთვის, ეგვიპტის მუზეუმი კაიროს ტაჰირის მოედანზე მდებარეობს, სადაც ექს-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ ანტისახელისუფლებო აქციები მიმდინარეობდა.