1-ლი მარტიდან ქართულ სატელევიზიო სივრცეში, სვანეთზე გადაღებული, 30 წამიანი სარეკლამო რგოლი გავა. სარეკლამო რგოლი პოტენციურ ტურისტებს სამთო-სათხილამურო კურორტის შესახებ მოუთხრობს და სვანეთში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ ამცნობს.
სარეკლამო კლიპი "ჰორიზონ ტვ სტუდიამ" საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით გადაიღო.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ სვანეთში ასულ ტურისტების შესაბამის ინფრასტრუქტურასთან ერთად, გარკვეული ღონისძიებებში მონაწილეობისა და გართობის საშუალება უნდა მიეცეს.
"ახალი ტურისტული პაკეტების შემუშავება და მათი რეალიზაცია კერძო სექტორის საქმეა, თუმცა ჩვენ როგორც სახელმწიფო სექტორი, ვცდილობთ შევქმნათ მაქსიმალური ინფრასტრუქტურა და გარემო ტურისტებისათვის. ასევე გავუწიოთ ამ ადგილს მარკეტინგული კამპანია და პოპულაროზაცია და მოვახდინოთ სხვადასხვა მარშუტების პრეზენტაციები სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოებთან", _ აცხადებს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე.
სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სახელმწიფო სვანეთის ბრენდინგზე მუშაობს და მალე შესაბამისი ვებპორტალიც ამოქმედდება.
"ვცდილობთ, რომ სვანეთის ბრენდინგი განვახორციელოთ და სვანეთის შესახებ ვებგვერდი შევქმნათ, სადაც კურორტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია განთავსდება, რომელიც განკუთვნილი იქნება არა მარტო ტურისტებისათვის, არამედ სვანეთის მოსახლეობისთვისაც.
დავიწყეთ ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიებების მოწყობა და დაგეგმვა მესტიაში, რათა იქ ჩასულ ტურისტს შესაბამისი გასართობი პროგრამა დახვდეს"- აცხადებს მაია სიდამონიძე.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მესტიაში ტურისტული ინფრასტრუქტურის სერიოზული რეაბილიტაცია-მშენებლობა განხორციელდა. გაიხსნა თამარ მეფის სახელობის აეროპორტი. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მესტიაში 3 სასტუმრო 49 "გესტჰაუსია", რომლებშიც 429 საწოლია.
რაც შეეხება უშგულს, იქ 9 "გესტჰაუსი" ფუნქციონირებს, რომლებიც 71 ადგილზეა გათვლილი. მესტიაში მოქმედებს სასტუმროებთან არსებული 3 რესტორანი.
გასულ წელს უცხოელ ვიზიტორებს შორის სვანეთში დასვენებით წელს ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩეოდნენ, რომელთა რაოდენობამ ტურისტების 51 %-ი შეადგინა.