ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები გიორგი ახვლედიანი და ნიკოლოზ ლალიაშვილი სიღნაღის რაიონის, სოფელ ვაქირში მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრზე განხილულ იქნა ენერგოვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებული პრობლემები. ლიდერების განცხადებით მთავრობის პოპულისტურმა გადაწყვეტილებამ ენერგოვაუჩერების დარიგების შესახებ გაუგებრობა გამოიწვია ყველა სოფელში, სადაც კოლექტიური მრიცხველებია დამონტაჟებული.
20 ლარიანი ენერგოვაუჩერები არა ოჯახების, არამედ მრიცხველების მიხედვით რიგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ოჯახისთვის განკუთვნილი დახმარება რამდენიმე ოჯახზე ნაწილდება.
როგორც ნიკოლოზ ლალიაშვილმა განაცხადა, ასეთი აბსურდული მიდგომის გამო, საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ 20 ლარის ნაცვლად თითო ოჯახს შესაძლოა ერთი ლარიც არ შეხვდეს.
ცალკე პრობლემაა ოჯახების რეგისტრაცია, რადგან ვაუჩერის მისაღებად მოსახლეობას აიძულებენ ჩავიდნენ რაიონულ ცენტრში და აბონენტად დარეგისტრირდნენ. მაგალითად, სოფელ ვაქირიდან 10 კილომეტრით დაშორებულ სიღნაღში ჩასვლა და ამ საკითხის მოგვარება მოქალაქეს მინიმუმ 5 ლარი დაუჯდება.
„ქრისტიან-დემოკრატები მოვითხოვთ ხელისუფლება თავად ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარების საქმეში და ხალხს კი არ აიძულოს წინ და უკან სიარული, არამედ მათმა წარმომადგენლებმა, სოფლის რწმუნებულებმა უზრუნველყონ მოსახლეობის კუთვნილი დახმარების ადგილებზე დარიგება", - განაცხდა გიორგი ახვლედიანმა.