დღეს, 24 თებერვალს, პარლამენტში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს ელოდებიან.
მინისტრი ადამიანის უფლებათა და ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს "პატიმრობის კოდექსში" შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით წარუდგენს.
სხდომა პარლამენტში 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის დარბაზში ჩატარდება.
როგორც ცნობილია, პარლამენტმა "პატიმრობის კოდექსში" ცვლილების პროექტი, რომელიც სასაჯელაღსრულების სისტემებში გრძელვადიან პაემნების შემოღებას ეხება, მეორე მოსმენით 22 თებერვალს განიხილა.
კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით "თავისუფალი დემოკრატების" ალტერნატიული ორი წინადადება ჩავარდა, კერძოდ, გია ცაგარეიშვილი გრძელვადიანი პაემნების დროს პატიმრისთვის ციხის ადმინისტრაციის მიერ უარის თქმის გასაჩივრებასა და პატიმრის მოთხოვნის შემთხვევაში პაემანის დროზე ადრე შეწყვეტას ითხოვდა.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში ხელისუფლება "თავისუფალი დემოკრატების" მიერ შეთავაზებული დანარჩენი ოთხი წინადადება გაითვალისწინა. კერძოდ, "პატიმრობის კოდექსში" ჩაიწერება, რომ გრძელვადიანი პაემნისთვის დაწესებული საფასური (60 ლარი) მასთან დაკავშირებული მიზნების გახორციელებას მოხმარდება. ასევე გაჩნდება ჩანაწერი, რომ პაემნების ოთახში შექმნილი პირობები ადამიანის ღირსებას არ უნდა ლახავდეს და მასში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს.
ამასთან, მთავრობა გადახედავს "თავისუფალი დემოკრატების" საკანონმდებლო შეთავაზებას, 2012 წლის 1-ელ ივნისამდე, არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის და პატიმარი ქალებისთვის ხანგრძლივი პაემნების რაოდენობის მომატების საკითხის შესახებ და დახურული ტიპის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრებულებისთვის ხანგრძლივი პაემნების უფლების მიცემის საკითხს.
შეგახსენებთ, რომ პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტის პარლამენტი 25 თებერვალს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებს.