24 თებერვალს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერულ დარბაზში შედგება პრეზენტაცია პროექტისა "პირველი კულტურული ორკესტრი". პროექტი ხორციელდება პოლონეთის საელჩოს მიერ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. პრეზენტაციას დაესწრებიან პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის დირექტორი მანანა მუსხელიშვილი და კონსერვატორიის რექტორი მანანა დოიჯაშვილი.
ევროკავშირის მასპინძელი ქვეყანა 2011 წლის მეორე ნახევრიდან პოლონეთი გახდება. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის მიერ უნიკალური და ინოვაციური პროექტი "პირველი კულტურული ორკესტრი" იქმნება. ორკესტრი დაკომპლექტდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ახალგაზრდა მუსიკოსებით: უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. "პირველი კულტურული ორკესტრი" კონცერტებს 2011 წლის შემოდგომაზე ევროპის ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზებში გამართავს.
პირველი მულტიკულტურული ორკესტრი გააერთიანებს შენგენის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მუსიკოსებს. ამით პოლონეთი ხაზს უსვამს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების კულტურულ იდენტურობას.
მსგავსი ორკესტრების შექმნის საერთაშორისო გამოცდილება ამტკიცებს, რომ ამგვარ პროექტებს აქვს უდიდესი პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობა. ის ახალგაზრდა მუსიკოსებს აძლევს შანსს, აიმაღლონ ცოდნა, მიიღონ გამოცდილება და დაამყარონ ახალი კონტაქტები. ორკესტრს უხელმძღვანელებენ მაღალკვალიფიციური პედაგოგები, მუსიკოსები, რომლებიც უშუალოდ ორკესტრის სპეციფიკაზე მუშაობენ. მათ შორის, ბევრი ისეთ ანსამბლებში უკრავს, როგორიცაა ლონდონის სიმფონიური და ფილარმონიის ორკესტრები.