უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში, ლიმანის მიმართულებაზე უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს. მისი თქმით, აღნიშნული ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში მიმდინარეობს. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა საჰაერო-სადესანტო ძალების დაჯგუფებაზე, რომელიც აქტიური თავდაცვის კიდევ ერთ ოპერაციაში მონაწილეობს.
„ოკუპანტის განადგურება გრძელდება, დასახული მიზნები მიიღწევა. დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატისგან ანგარიში მივიღე. საერთო ჯამში, ამ კვირის განმავლობაში ფრონტის ყველა აქტიურ მონაკვეთზე ჩვენმა ქვედანაყოფებმა დაღუპულებისა და დაჭრილების სახით 10 660 რუსი სამხედრო გაანადგურეს. ამასთან, რუსეთის თითოეულ ასეთ დანაკარგს ვიდეოდადასტურება ერთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები პოკროვსკის, კონსტანტინოვკისა და ლიმანის მიმართულებებზე მიმდინარეობს.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ძალები ასევე ასრულებენ ამოცანებს ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და სუმის ოლქებში.
„ფრონტზე ყოველი ასეთი კვირა, როდესაც ფრონტის საერთო ვითარება სულ უფრო მეტად ჩვენს, უკრაინულ ხასიათს იძენს, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ უფრო აქტიური შეტევითი მოქმედებების გაშლის შესაძლებლობას არ აძლევს. მთავარსარდალთან ერთად ჩვენი შემდგომი აქტიური ნაბიჯებიც განვსაზღვრეთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში, ლიმანის მიმართულებაზე კონტრშეტევითი ოპერაცია "ვივალდი" ჩაატარეს. ოპერაცია 22 მაისს დაიწყო.