კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, ყაბარდო-ბალყარეთში მიმდინარ მოვლენებში საქართველოს დადანაშაულება მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების პიარია.
"საქართველოზე აპელირება ეს არის რუსეთის ხელისუფლების ერთგვარი პიარი, მაგრამ ამ პიარშივე დევს კავკასიის პრობლემის მოგვარების გასაღები, რადგან რუსეთის ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ არ ამბობს, ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დალაგებისა და მოწესრიგების გარეშე ჩრდილოეთ კავკასიას ვერ შეინარჩუნებს და იქ არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს", - განუცხადა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, საქართველოსთვის განსაკუთრებით სახიფათო იმაში, რაც ჩრდილოკავკასიის რეგიონში დღეს ხდება, არაფერია.
"მართალია მედვედევმა საქართველოსკენ გამოიშვირა თითი და თქვა, რომ ხიფათი იქედან მოდისო, რაც ერთგვარ გაფრთხილებად აღიქვა ზოგიერთმა და ჩათვალა, რომ ეს იქნება პრელუდია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მორიგი აგრესიისა, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის, საქმე ისაა, რომ ამ აფეთქებებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთის მთავარ უბედურებას, რაც შიდაპოლიტიკას უფრო უკავშირდება, ვიდრე გარე ფაქტორს", - განმარტა არეშიძემ.
რაც შეეხება უშუალოდ ყაბარდო-ბალყარეთის ელბრუსის რაიონში განვითარებულ მოვლენებს, არეშიძის შეფასებით, პროცესების დინამიკა აჩვენებს, რომ დაჯგუფება, რომელსაც ვინმე დუშევი ხელმძღვანელობს, "ორიენტირებულია იმაზე, რომ ჩაშალოს ამ რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მუშაობა".
"ვფიქრობ, რომ რუსული ვექტორი საქართველოს მიმართულებით არ უნდა იყოს მაინცდამაინც აქტიური. თან უნდა ვიცოდეთ, რომ ცოტა ხნის წინ, ჩრდილოკავკასიაში არსებული 58-ე არმიის უკან გაჩნდა 49-ე არმია. ეს არმია ახლა ჩამოყალიბდა. მისი შტაბი განლაგებულია სტავროპოლში და მისი მთავარი ამოცანაა ჩრდილოეთ კავკასიისგან სოჭის მიმართულების დაცვა _ თუ 58-ე არმია ისეა განლაგებული კავკასიის მთელ პერიმეტრზე, რომ რუსეთი "იცავს" საქართველოს, 49 არხმია განლაგებულია ამის პერპენდიკულარულად, ანუ ის სოჭის მიმართულებას იცავს დანარჩენი ჩრდილოეთ კავკასიისგან", - განმარტა არეშიძემ, რომლის თქმითაც, 49-ე არმიაში გაერთიანებულია ასევე აფხაზეთში განლაგებული მე-7 რუსული ბაზა და რუსული ფლოტი, რომელმაც სოჭის მიმართულება ზღვიდან უნდა დაიცვას.
შეგახსენებთ, რომ ელბრუსის რაიონში ვითარება რთულდება. ჩრდილოეთკავკასიელი მებრძოლების 7-კაციანი ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც რუსული მედიის ინფორმაციით, სწორედ ამ რაიონშია განლაგებული, დღეს რუსული ავიაცია ჩაერთო. თავად ყაბარდო-ბალყარეთის მეთაური მომხდარ აფეთქებებში საქართველოს ადანაშაულებს.