საქართველოში საბჭოთა კავშირი მსხვერპლით და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის მოსპობით დაიწყო. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის ეზოში იუნკრების მემორიალის გვირგვინის შემკობის შემდეგ უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
"დღეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთდროულად მძიმე დღეც და ამავე დროს დღე, რომელიც სიამაყით ავსებს ჩვენს გულებს. საბჭოთა კავშირი საქართველოში მსხვერპლით და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის მოსპობით დაიწყო, პირველ რიგში კი იმ ადამიანების კლავდნენ, რომელთათვისაც სამშობლოსთვის მსახურება, თავდადება და სიყვარული უფრო მაღლა იდგე, ვიდრე სხვა რამ პიროვნული", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ბოლშევიკების და საბჭოთა რუსეთის საქართველოსთან მიმართებაში დაუნდობლობითა და სისასტიკით გამოირჩეოდა, ჯერ ადამიანებს კლავდა და შემდეგ მიცვალებულებსაც კი ტყვიას უშენდა.
"ერთის მხრივ ეს იყო საშინელი სისასტიკის გამოხატულება და მეორეს მხრივ იმ უძლურების დადასტურება, რომელიც უსამართლობას ყოველთვის თან ახლავს", - დასძინა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ეზოში, "ხარების" სახელობის სამლოცველოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული იუნკრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა და დეპუტატებმა იუნკრების მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.