კანადამ დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მოქმედ სამხედრო გაერთიანებაში - „გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებში“ (JEF) გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი შეიტანა.
ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის, ოფისში განაცხადეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი „გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებში“ გაწევრიანების შესახებ და მიესალმა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერას კანადის მონაწილეობის მიმართ“, - ნათქვამია კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.
„გაერთიანებული საექსპედიციო ძალები“ ნატო-ს 10 წევრ ქვეყანას აერთიანებს: დიდ ბრიტანეთს, დანიას, ესტონეთს, ფინეთს, ისლანდიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნიდერლანდებს, ნორვეგიასა და შვედეთს. გაერთიანება სწრაფი რეაგირების სამხედრო თანამშრომლობის ფორმატია.
კანადა ნატო-ს წევრია და JEF-ის წევრ ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობაში აქამდეც მონაწილეობდა, თუმცა გაერთიანების მუდმივი წევრი არ ყოფილა.
კარნიმ განაცხადი გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მხარეებმა ასევე განიხილეს თავდაცვის სფეროში სამრეწველო თანამშრომლობა.