საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა.
2018 წლის წლის 29 აგვისტოდან 2026 წლის 21 აპრალმდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე იყო. ამ დრომდე ელჩის თანამდებობა ვაკანტური რჩებოდა.
უწყების ცნობითვე, გიორგი ზაქარაშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ოქტომბერს გიორგი ზაქარაშვილს ეწურება როტაციის ვადა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე, რომელსაც იგი იკავებს 2021 წლიდან.
2016-2019 წლებში გიორგი ზაქარაშვილი მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2016 წლებში იყო უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
სხვადასხვა დროს, გიორგი ზაქარაშვილს, ასევე, ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობები.
გიორგი ზაქარაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.