საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესში ყველაზე რთული არა ეკონომიკური და პოლიტიკური ნაწილი, არამედ საზოგადოების მენტალური მოდერნიზაციაა.
"საქართველოს მთავრობა ქვეყნის მოდერნიზაციის მიზნით რეფორმებს სხვადასხვა კუთხით ახორციელებს. ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ყველაზე რთული ნაწილი ქვეყნის მოდერნიზაციისა არის არა ეკონომიკური და პოლიტიკური, არამედ საზოგადოების მენტალური მოდერნიზაცია", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ გაეროს ქალთა საკითხების კომისიის 55-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში გენდერული ბალანსის დაცვის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის მიერ, 2010 წლის აპრილში, "გენდერული თანასწორობის" შესახებ მიღებული კანონის მნიშვნელობასა და საკანონმდებლო ორგანოში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს აქტიურ მუშაობას.
"ისეთ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი კვლავ ოკუპირებულია, მნიშვნელოვანია გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის "ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის" ვალდებულებების შესრულება, რადგან ნახევარ მილიონამდე დევნილი, რომელთა შორის უმრავლესობა ქალბატონია ძალადობის მსხვერპლი გახდა. ძალადობის აღკვეთისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით, საქარათელოს მთავრობამ შეიმუშავა ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვას გულისხმობს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება გენდერული ბალანსის დაცვის კუთხით აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
"ნიჭიერ ქალებს საქართველოში აქვთ საშუალება იყვენენ წარმატებულები. ქალები არიან დომინანტი მედიაში, ადამიანის უფლებათა დაცვაში. ხელმძღვანელობენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აქტიურად არიან ჩართულები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში". - აღნიშნა ბაქრაძემ.
გაეროს აღნიშნულ სესიაში გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს მაღალი რანგის დელეგაცია მონაწილეობს და ის წელიწადში ერთხელ იმართება.