სასტუმრო "რედისონში" არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საზოგადეობრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიღწეული იქნა ორი შეთანხმება.
გაჩეჩილაძის თქმით, მიღბეული იქნება დოკუმენტი, იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს თავს არ დაესხმიან. მეორე შეთანხმება შეეხება ოპოზიციის განსხვავებული პოზიციების შეჯერებას. გაჩეჩილაძის განცხადებით, შემუშავდება დოკუმენტი, სადაც შეჯერდება განსხვავებული პოზიციები და დაისახება სამოქმედო გეგმა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ის არ იცვლის პოზიციას და მიაჩნია, რომ მხოლოდ და მხოლოდ შეურიგებელი ბრძოლით და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით შეძლებს ოპოზიცია, მიაღწიოს წარმატებას.
"ეს შეხვედრა გაიმართა იმისათვის, რომ ყველას წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები. მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ შეურიგებელი ბრძოლით არის შესაძლებელი, წარმატებას მივაღწიოთ. ამისთვის მთავარია ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები", - განაცხადა ბურაჯანაძემ.