დღეს, 23 თებერვალს, სამდღიანი ვიზიტით საქართველოში მყოფი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტთაშორისო კავშირის ჯგუფის წევრები სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდებიან, ხოლო საქართველოს 24 თებერვალს დატოვებენ.
ქვეყანაში დემოკრატიული, ეკონომიკური, საკონსტიტუციო, სოციალური მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირის ჯგუფის წევრებმა 22 თებერვალს საპარლამენტო უმცირესობის წევრებისგან მიიღეს.
ქართველმა კანონმდებლებმა მნიშვნელოვანი უწოდეს კოლეგების საქართველოში ვიზიტს და განაცხადეს, რომ ბრიტანეთი, როგორც გაეროს უშიშროების წევრი, მკაცრ და მყარ პოზიციას გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.
ქართველმა დეპუტატებმა კოლეგებს თხოვნით მიმართეს, რათა მოახდინონ გავლენა თავიანთ მთავრობაზე და საბიუჯეტო ცვლილებებით გამოწვეული შემცირებული დაფინანსება სასწავლო პროგრამებისთვის კვლავ გაიზარდოს, რათა ქართველ ახალგაზრდობას ბრიტანულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საშუალება კვლავ მიეცეს.