საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე ქვეყნის ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გასამართლებას ითხოვს.
"როგორც არ უნდა გვინდოდეს, არაფერი გაირკვევა (ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი), ვიდრე ედუარდ შევარდნაძე არ წარდგება სასამართლოს წინაშე. აუცილებელი არ არის, რომ მას დახვრეტა მიუსაჯონ, მაგრამ სასამართლო უნდა ჩატარდეს, სადაც პროცესუალურად უნდა დაისვას კითხვები და ყოველივე ამას ექნეს სამართლებრივი ძალა", - აცხადებს გიორგაძე ჩვენებაში, რომელიც მას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ ჩამოართვა.
მისი მტკიცებით, ყველაზე დაინტერესებული პირი, რომ ზვიად გამსახურდია ცოცხალი არ დარჩენილიყო, იყო სწორედ ედუარდ შევარდნაძე.
"პირველი პრეზიდენტის მკვლელობა, მომხდარი 1993 წლის დასასრულსა და 1994 წლის დასაწყისში, ჩემი ღრმა რწმენით უნდა განვიხილოთ შევარდნაძის ბიოგრაფიისა და მისი ცხოვრების მთლიან კონტექსტში, როგორც გოგიჩაიშვილის ფანჯრიდან გადახტომა, მისი ქალიშვილის თვითმკვლელობა, დილაუთენია ერთადერთ საბარგო მანქანასთან პატარიძის შეჯახება, კობახიძის დახვრეტა, ფინანსთა მინისტრ დვალიშვილის თვითმკვლელობა, სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობა", - აცხადებს გიორგაძე ჩვენებაში.
შეგახსენებთ, რომ სიგუას აღნიშნული ჩვენება სრულადაა მოცემული კომისიის დასკვნაში, რომელიც საჯარო უკვე ოფიციალურად გახდა.