აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების წასვლისთანავე პუტინმა კიევზე მორიგი მასშტაბური და სასტიკი იერიში მიიტანა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.
სიბიჰა მოუწოდებს მოკავშირეებს, იმოქმედონ და აგრესორზე ზეწოლა გააძლიერონ
"აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების წასვლისთანავე პუტინმა კიევზე მორიგი მასშტაბური და სასტიკი იერიში მიიტანა, რომლის შედეგადაც საცხოვრებელი უბნები დაზიანდა და სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.
მისი ბალისტიკური რაკეტები სათქმელს უფრო ხმამაღლა ამბობს, ვიდრე მისი სიტყვები დიპლომატიის შესახებ. საცხოვრებელ შენობებზე დარტყმა მას ამ ომში გამარჯვებასთან ვერ აახლოებს - ეს მხოლოდ უაზრო ტერორია.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოკავშირეების მიერ მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება არ უნდა გადაიდოს. ყოველი დაყოვნება ადამიანების სიცოცხლის ფასად გვიჯდება. უკრაინისთვის ამ მომენტში მიწოდებული ყოველი რაკეტსაწინააღმდეგო საშუალება ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა. საწყობებში არსებული რაკეტები, მათ შორის ისინიც, რომლებსაც ვადა მალე ეწურებათ, უკრაინის ცის დასაცავად უნდა იქნას გამოყენებული.
ასევე დადგა დრო, ევროპაში გერმანიის მაგალითს მივბაძოთ და ყველა „რუსული სახლი“ დავხუროთ. რუსეთის გავლენის ქსელებს არ უნდა მიეცეთ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მაშინ, როდესაც რუსეთი აგრესიული ომის დასრულებაზე უარს ამბობს.
მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, იმოქმედონ და აგრესორზე ზეწოლა გააძლიერონ. მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლა დიპლომატიას წინ წევს და მას ხელს არ უშლის. რაც უფრო ძლიერია ზეწოლა, მით უფრო ახლოვდება მშვიდობა", - წერს სიბიჰა.