ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობამ დაადგინა, რომ ლაიფციგის აეროპორტში სატვირთო თვითმფრინავებზე თავდასხმის მცდელობის უკან რუსეთი დგას.
მისი თქმით, სწორედ ამ საკითხის განსახილველად შეხვდა ის ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს. ფონ დერ ლაიენმა თავდასხმის მცდელობას ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ესკალაციის ახალი ეტაპი უწოდა და აღნიშნა, რომ თავდასხმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი ზიანი და შესაძლოა მსხვერპლიც მოჰყოლოდა.
„ეს იყო თავდასხმა სამხედრო ტიპის მასალის გამოყენებით, რომელიც რუსეთის ოპერატორებმა ევროკავშირის ტერიტორიაზე განახორციელეს. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიას. და თუ მიზანი იყო, ორჯერ დავფიქრებულიყავით უკრაინის მხარდაჭერაზე, შემიძლია გითხრათ, რომ ამან მხოლოდ გაამყარა ჩემი სიმტკიცე. ჩვენ ამას არ შევეგუებით. დაშინება არ იმუშავებს.
ევროპა და ნატო არა მხოლოდ შეინარჩუნებენ ზეწოლას რუსეთზე, არამედ გავზრდით მას. და ჩვენ არ გავჩერდებით, ვოდრე რუსეთი უკრაინაში უდანაშაულო ბავშვების, კაცებისა და ქალების დაბომბვასა და მკვლელობას არ შეწყვეტს,“ - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
რუტემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთი სულ უფრო დაუფიქრებლად მოქმედებს და ნატო გერმანიის გვერდით დგას. მისი თქმით, მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მსგავსი მუქარებით ევროპას უკრაინის მხარდაჭერაზე უარს ათქმევინებს.
გერმანიის ხელისუფლებამ 1-ელ სექტემბერს განაცხადა, რომ 4 აგვისტოს ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან იყო დაკავშირებული. დრონი უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავთან ახლოს იპოვეს და მისი განაღმვა შეძლეს.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომების, მათ შორის ახალი სანქციების, შესაძლებლობას განიხილავს