პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას განცხადებამ "შაირობის" ხასიათზე დააყენა.
"შაირობა არ მიყვარს, მაგრამ იძულებული ვარ ოპოზიციის მხრიდან დემაგოგიურ განცხადებებს გამოვეხმაურო",- განაცხადა წერეთელმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, რომელმაც ქვეყანაში არსებულ სიღარიბესთან დაკავშირებით ჯონდი ბაღათურიას განცხადება დაგმო.
"დღეს, საქართველოში მართლაც არიან ძალიან გაჭირვებული ადამიანები, მაგრამ არ შეიძლება ისინი ისეთი ეპითეტებით შევამკოთ, როგორიცაა "ნაგავში ქექვა" და ა.შ", - განმარტა ვიცე-სპიკერმა და აქვე ბაღათურიას უცხოეთის ქვეყნებში ტურნეს მოწყობა ურჩია იმაში დასარწმუნებლად, რომ სხვა ქვეყნებშიც ცხოვრობენ გაჭირვებული ადამიანები.
ამასთან, გიგი წერეთლის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებას სიღარიბის ბრძოლის უნიკალური პროგრამა აქვს, რომელსაც უკვე მე-5 წელია წარმატებით ახორციელებს.
"ბევრმა ადამიანმა ამ პროგრამის წარმატებულობა საკუთარ თავზე გამოსცადა", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.